გახარიას თქმით, გამოცდების ჩატარების საკითხი განიხილეს დღევანდელ თათბირზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.
„გადაწყვეტილებები რომლებიც დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი:
იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის დროს ექნება საშუალება პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული.
რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და ფაქტობრივად, ჩვენ შეძლებისდაგვარად კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ცოდნა და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები“, – განაცხადა გახარიამ.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ხულოში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, თელავში, გორსა და რუსთავში. საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.